ლეიბორისტული პოსტი
მოგატყუეთ,
ამ პოსტს არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს ცნობილ ლეიბორისტულ პარტიასთან! უბრალოდ ასეთი ინტრიგანული სათაური მომაფიქრდა უცებ. ქართველი ჟურნალისტებივით კი გამომივიდა, სათაური რომ ერთს გეუბნება და შინაარსი მეორეს (თუ საერთოდ რამეს გეუბნება შინაარსი), მაგრამ გპირდებით, პოსტის ბოლოს მათსავით არ გეტყვით "თუ რისი თქმა მინდოდა, ამას მომდევნო პოსტში გაიგებთ"–მეთქი. ეს და პოსტის შინაარსი (მგონი დაგაინტერესებთ) იქნება ჩემი ინტრიგანობისთვის კომპენსაცია თქვენთვის :)
Thanks God, It's Friday - ვამბობ, და დავიწყე:
ირგვლივ სულ წუწუნი მესმის – რამდენს ვმუშაობთ, ძალიან ვიღლებით და ა.შ. წუწუნი მესმის ჩემი თავიდანაც. ჰოდა რომ გამეგო, რამდენად გამართლებულია ჩვენი წუწუნ–ბუზღუნი, პატარა მოკვლევა ჩავატარე ინტერნეტში.
აღმოჩნდა, რომ კვირაში საშუალოდ სამუშაო საათების ხანგრძლივობით ლიდერი ქვეყნები არიან ჰონგ კონგი, კოლუმბია, ინდოეთი, მექსიკა, ნეპალი, პერუ და ტაილანდი. ამ ქვეყნებში კვირაში 48 საათს მუშაობენ! შედარებისთვის, ჩვენი კვირეული სამუშაო საათების რაოდენობა განსაზღვრულია 40 საათით. მაგრამ წუწუნის მიზეზს გვიტოვებს ჩვენი მარადჟამს მანუგეშებელი ევროპა. უმეტეს ქვეყნებში სამუშაო საათების ხანგრძლივობა 40–ს არც კი აღწევს. უფრო კონკრეტულად – საფრანგეთსა და გერმანიაში კვირაში 35 საათს მუშაობენ, ფინეთში 36–ს, დანარჩენ ქვეყნებში კი ძირითადად 37–ს. ევროპამ რომ გაიგოს, ჩვენ 40 საათს ვმუშაობთ კვირაში, შეშფოთდება უეჭველი! საერთოდ აღმოჩნდა, რომ ევროპაში გეზი აქვთ აღებული პროდუქტიულობის გაზრდის ხარჯზე სამუშაო საათების შემცირებისკენ.
კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა: თურმე ყველაზე ბევრს ადამიანები 1800–იან წლებში მუშაობდნენ – წელიწადში საშუალოდ 3100–3600 საათს, რაც კვირაში 60–70 საათ მუშაობას უდრის. ყველაზე ცოტას კი 2004 წელს გერმანელი full-time მუშები – წელიწადში 1400 საათს (კვირაში დაახლოებით 27 საათი).
დასვენების დღეებზე გადავიდეთ (შაბათ–კვირა არ იგულისხმება, ცხადია). ყველაზე ბევრი უქმე დღე აღმოჩნდა, რომ ნეპალში აქვთ (24). ისე, მადლია ნეპალისთვის, ისინი ხომ კვირაში 48 საათს მუშაობენ :) ნეპალს ფეხდაფეხ მისდევს ირანი (21), ინდოეთი (21), მიანმა (19) და ჩვენი მეზობელი აზერები (19). კვლავ შევედაროთ: ჩვენ წელწადში 17 დასვენების დღე გვაქვს.
ბონუსად: საინტერესო ფაქტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან
* გვატემალაში ქალები დღეში 11.5 საათს მუშაობენ, სამხრეთ აფრიკაში კაცები კი დღეში 4.5 საათს;
* ჩეხ ან სლოვაკ კაცს ხომ არ ეძებთ? – ქარხნებში ეძებეთ, მათი უმეტესობა სწორედ ქარხნებში ყოფილა დასაქმებული;
* დანიელი მუშები თურმა 150–ჯერ მეტჯერ აწყობენ გაფიცვებს, ვიდრე მეზობელი გერმანელები (გერმანელებს რა ენაღვლებათ, ისედაც 35 საათს მუშაობენ კვირაში);
* სამსახურს ეძებთ? ნუ წახვალთ არალეგალად დასავლეთში ან მომვლელად საბერძნეთში – წადით ფოლკლენდის კუნძულებზე. იქ 100%–იანი დასაქმება და მუშახელის ნაკლებობაა!
* აშშ–ში 18 წლიდან 38 წლამდე საშუალოდ 10 სამუშაო ადგილის გამოცვლას ასწრებენ;
* თურმე სამუშაო ადგილის შეცვლის მიზეზი მხოლოდ 6–14%–ში ხდება ცუდი შედეგები. ძირითადად პირადული მიზეზებით მიდიან ან უშვებენ სამსახურიდან;
აი, სულ ეს იყო. იმედია უკვე დაგავიწყდათ კიდეც ინტრიგანული სათაური.
შაბათ–კვირა მოდის. მხიარულად, ხალხო! :)
Labels: სტატისტიკა
იმედგაცრუებული
რამდენი ხანია გახსნილი მაქვს ახალი პოსტის ფანჯარა, მაგრამ შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ დავიწყო წერა, გადმოვცე ყველაფერი, რისი თქმაც მინდა...
იმედგაცრუებული, ასე დავარქმევ ამ პოსტს. ხო, იმედ-გაცრუებული ვარ. კიდევ გულდაწყვეტილი და გულაცრუებული.
თავში სულ რამდენიმე სიტყვა მიტრიალებს, უწმაწურობებს აქ არ გავამხელ, სხვა სიტყვებია: პროფესიული ეთიკა, პასუხისმგებლობა, (არა)პროფესიონალიზმი, მარაზმი, სიცრუე, სიყალბე, დედის ... უიჰ, კინაღამ მაინც წამომცდა.
არსებობს "კოსმიური დასჯის მექანიზმი", რომელიც ჩაირთვება ყველასთვის, ვინც უღირსად იქცევა (იქცეოდა) და ეგონა(გონია), რომ ყველაფერი შერჩება...
Labels: პოლიტიკა , უცებ დაწერილი პოსტები
საინტერესო ისტორიები და ფაქტები: დამატებითი სამუხრუჭე ნათურა
ძიების პროცესში წავაწყდი რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომელიც ადასტურებს ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალის დიიიდ მნიშვნელობას.პირველად დამატებითი სამუხრუჭე ნათურა გამოჩნდა ამერიკაში 1968–1971 წლის Ford Thunderbird–ის მოდელებზე. თუმცა დიდი პოპულარობით თავიდან ვერ ისარგებლა. ევროპაში 1980 წლამდე არც ერთი მოდელი არ იყო "აღჭურვილი" CHMSL–ით. მოგვიანებით (ჩრ. ამერიკაში 1986 წლიდან, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში 1990 წლიდან და ევროპაში 1998 წლიდან) ავტომობილების მწარმოებლებს ახალი რეგულაციის მიხედვით მოეთხოვათ CHMSL–ის დამონტაჟება ყველა მოდელზე.
შედეგი და ეფექტი მართლაც გასაოცარი აღმოჩნდა. თუკი ერთ კვლევას დავუჯერებთ (სხვა ამ თემაზე ვერ ვნახე), უკნიდან შეჯახებით გამოწვეული ავარიების რაოდენობა ტაქსებსა და სხვა კომერციული დანიშნულების მანქანებში CHMSL–ის შემოღების პირველ წლებში 50%–ით შემცირდა. მომდევნო წლებში ეს მეჩვენებელი (არ ვიცი რატომ, ალბათ შეეჩვივნენ მძღოლები CHMSL–ს) 5%–მდე შემცირდა.აგრეთვე:
გრძელვადიან პერსპექტივაში ელიან, რომ დამატებითი სამუხრუჭე ნათურები აშშ–ში ყოველწლიურად მძღოლებს თავიდან ააცილებს 92,000-137,000 პოლიციაში რეგისტრირებულ ავარიას, მოახდენს 58,000-70,000 არა–სასიკვდილო დაზიანებისა და $655,000,000 ოდენობის ქონების განადგურების პრევენციას.
Labels: ისტორიები , საინტერესოა , სხვა , ფაქტები
აბსურდული პოეზია ანუ დაღლილი ფინანსისტის ერთი ჩვეულებრივი ამბავი
* * *
–––––––––––––––––––––––––––––––
პარასკევი საღამოა მშვიდი,
სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი,
დავიღალე, მომაწოდე სკამი,
შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი.
ვაი, როგორ მომენატრა ვიქენდი,
ირითმება ახლა კარგად ბიკენტი,
მაგრამ მინდა რითმად რიცხვი მთელი,
six, seven–ი, eight, nine, ten–ი.
მომენატრა ხოშიანი ძილი,
გაიტანეთ პროცენტი და ძირი!
მინდა მქონდეს ჩემი дача – House–ი,
აღარ მინდა ლაგრანჟი და გაუსი!
დამანახეთ თუნდ შორიდან ზღვა,
ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა,
ვეღარ ვფიქრობ რა ვისურვო სხვა მეტი,
14, 15, 16, 17, 18.
პარასკევი საღამოა მშვიდი,
სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი,
ფინანსისტი კვდება, ძვრება თათი,
0, 10, 20, 30.
–––––––––––––––––––––––––––––––––
Labels: აბსურდები
საქართველოს ისტორია – სტატისტიკა
დღეს 25 თებერვალია, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღე (1921). ბევრს დაწერენ და იტყვიან ამ თემაზე, განსაკუთრებულს მე ვერაფერს შემოგთავაზებთ.
მაგრამ დღევანდელი პოსტი მაინც ისტორიულ თემატიკას ეხება.
წარმოგიდგენთ საქართველოს ისტორიას – რიცხვებში:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საქართველოს და მის ნაწილებს სხვადასხვა დროს მართავდა 400 ზე მეტი მეფე თუ მთავარი.
საქართველოში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა 30 მდე სხვადასხვა დინასტია.
ყველაზე უფრო ხანგრძლივად ზეობდა ბაგრატიონთა დინასტია - 1024 წელი (786-1810წწ.).
საერთოდ ბაგრატიონთა დინასტია ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხანგრძლივია მსოფლიო ისტორიაში, იგი ჩამორჩება მხოლოდ იაპონიის იმპერატორთა დინასტიას რომელიც ზეობის უკვე 2050-ე წელს მოთვლის (ძვ.წ.40 წლიდან).
ბაგრატიონთა დინასტიას კიდევ ერთი მიღწევაა ის, რომ მისი განშტოებები ზეობდნენ სხვადასხვა დროს 7 სხვადასხვა სამეფოსა თუ სამთავროში.
საკმაოდ ხანგრძლივად ზეობდნენ აგრეთვე ჯაყელები - 527 წელი (1268-1795წწ.); ძველი დადიანები - 506 წელი (1185-1691წწ.) და გურიელები 364 წელი (1462-1826წწ.).
ყველაზე ხანმოკლე ზეობა ჰქონდა თბილისის საამიროს ერთ-ერთ, შაბანიანთა დინასტიას - 29 წელი (853-882წწ.).
მეფე-მთავართა შორის ყველაზე დიდ ხანს ზეობდა იბერიის მეფე ფარნავაზი - 65 წელი (ძვ.წ.329-264წწ.).
ხანგრძლივად ზეობდნენ აგრეთვე:
კახეთის მეფე ლევანი - 56 წელი (1518-1574წწ.).
იმერეთის მეფე ბაგრატ III - 55 წელი (1510-1565წწ.).
სამეგრელოს მთავარი ლიპარიტ Iდადიანი - 55 წელი (1414-1469წწ.).
ქართ-კახეთის მეფე ერეკლე II - 54 წელი (1744-1798წწ.).
სამცხის მთავარი ივანე ჯაყელი - 53 წელი (1391-1444წწ.).
ტაშირ-ძორაგეტის მეფე დავით I ანჰოლცი - 52 წელი (996-1048წწ.).
ტაო კლარჯეთის მეფე ბაგრატ I კურაპალატი - 50 წელი (826-876წწ.).
იბერიის მეფე მირიანი - დაახლ. 50 წელი (285-335წწ.).
ყველაზე ბევრჯერ მეფედ იყო არჩილი - 6 ჯერ (ხუთჯერ იმერეთში: 1661-1663, 1678-1679, 1690-1691, 1695-1696,1697-1698წწ. და ერთხელ კახეთში 1664-1675წწ.).
ყველაზე ასაკოვანი ტახტზე ასვლისას იყო როსტომ მეფე (1633-1658წწ.) - 68 წლის.
ყველაზე ახალგაზრდა ტახტზე ასვლისას იყო ბაგრატ IV (1027-1072წწ.) - 9 წლის.
ყველაზე მეტი ცოლი ჰყავდა დავით VII ულუს (1247-1270წწ.) - 4.
ყველაზე მეტი შვილი ჰყავდა ერეკლე II-ს (1744-1798წწ.) - 21 (!!!)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აქვე – საქართველოს რამდენიმე ძველი რუკა:
1. საქართველო ფარნავაზ მეფის დროს
2. საქართველო დავით აღმაშენებლის დროს
3. საქართველო 1150–1220 წლებში

4. საქართველო 2010
მასალები საიტიდან http://www.istoria.ge/index.htm
Labels: ისტორია , რიცხვები , საქართველო
დღის ვებ–გვერდი
რა ღირს შენი საიტი?
საინტერესოდ და დამაინტრიგებლად ჟღერს, არა? თუ გინდათ გაიგოთ, რა ღირს დღეს შენი საიტი, ბლოგი მაგალითად, შედი აქ: Your WebSite Value. ამ საინტერესო ვებ–გვერდს ბლოგროლის ერთ–ერთ დისკუსიაში წავაწყდი. მგონი იმსახურებს დღის ვებ–გვერდის წოდებას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბლოგნოტის გაყიდვას ან გასხვისებას არ ვაპირებ, წმინდად ინტერესის გულისთვის გადავწყვიტე შემეფასებინა და აღმოჩნდა, რომ $10 ღირს ჩემი საიტი.
მინდოდა ჩემი ფლიკრის შეფასებაც, რომელიც ჩემს ბლოგზე გაცილებით პოპულარული და მოვლილია, მაგრამ არ გამოვიდა, მხოლოდ www.flickr.com საიტის ფასს წერს.
სცადეთ თქვენც :)
Labels: web , გასართობი , საინტერესოა
გაზეთის ქუდი მახურავს

რა ყოფილა ეს ტემპლეტების არჩევა ბლოგისთვის! სახლის რემონტს გავს ყველანაირად, კარკასიდან დაწყებული, ევრორემონტით დამთავრებული: ჯერ სწორად უნდა გადატიხრო – ერთი სვეტიო, 2 სვეტიო, სამიო, უფრო მეტიცო – ჩემსას 2 უხდება. თან პროპორციებიც კარგად უნდა იყოს განაწილებული, ისევე როგორც სახლში "სტუმრების ოთახი" ყველაზე დიდი, "ლოჯი" პატარა. ჩემი ბლოგი მგონი ერთოთახიანი პროექტია :)) რომ შემოდიხარ მცირე მისაღებია და მარცხნივ შედარებით დიდი სტუმრების ოთახი.
მაგრამ სტრუქტურის არჩევით ხომ არ მთავრდება საქმე. ამ საიტებზე ქექვა–ძიება "ელიავას ბაზრობაზე" პაპანაქება სიცხეში წოწიალის ტოლფასია. ფერი, თემატიკა და ორნამენტები ყველას მოსაწონი და შენი შესაფერისი უნდა იყოს. თან სტუმრებმა კომფორტულად უნდა იგრძნონ თავი.
შემდეგ კომუნიკაციები და ავეჯი. ტეგები, პროფილი, ბმულები, ალბომი, არქივი. ყველაფერი მისაგნებად უნდა იყოს.
მოკლედ ხათაბალა საქმეა. მაგრამ კარკასში ხომ არ ვიქნები აბა?
აი ეს ავარჩიე, რასაც ახლა ხედავთ. მართალია ზოგიერთგან იაღლიშები აქვს (ტეგები და რაღაცეები არჩანს), მაგრამ ერთი კაი ხელოსანი მყავს, HTML–ის ხელოსანი, ხოდა ის მეხმარება.
ასე რომ, ცოტაც გაუძელით ამ მტვერს და აურზაურს. მალე მოეწყობა აქ "ახალმოსახლეობა" :)




