ელექტრონიკის ქართული მაღაზიების მიმოხილვა - aka Review

მიცვალებული ადგაო, ამაზეა ნათქვამი. ბლოგის განახლება გადავწყვიტე :) რატომ და რისთვის - ვის ადარდებს?! მთავარია რამე ისეთი დავწერო, სხვასაც რომ გამოადგეს. მოკლედ, დღეს მე გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას ელექტრონიკის რამდენიმე ქართულ მაღაზიაზე, რომელთანაც პირადად მქონია შეხება. შესავალი საკმარისია, გადავიდეთ საქმეზე:

ორი სიტყვა პოსტის სტრუქქტურაზეც - მაღაზიებს განვიხილავ მხოლოდ იმ პროდუქტების ჭრილში, რომელიც მე შემიძენია და არა ზოგადად (მაცივარი და მტვერსასრუტი არასდროს მიყიდია და არ ვიცი რომელი მაღაზია რა არჩევანს/მომსახურებას სთავაზობს კლიენტს).

ნაწილი 1
სად შევიძინოთ ფოტოაპარატი
აქ აუცილებელია გავარჩიოთ ერთმანეთისგან სამომხმარებლო კომპაქტური და პროფესიონალურსრომეძახიან ტიპის ფოტოაპარატები.

პირველი კატეგორიის აპარატებს ფაქტიურად ყველგან შეიძენთ. მთავარია ყიდვისშემდგომი მომსახურება - aka სერვისი. მე რამდენიმე წლის წინ ელიტ ელექტრონიქსში ჩემს ახლობელს ვაყიდინე აქციის ფარგლებში კოდაკის კომპაქტური ფოტოაპარატი. საშინელება გამოდგა, ელემენტი მალევე მოკვდა და გარანტიის პირობებიც იმდენად ბუნდოვანი იყო, არც გვიფიქრია მიგვებრუნებინა. მომსახურების დაბალი ხარისხით გამოირჩეოდა ოდითგანვე ეს მაღაზია. კონსულტანტებმა ფასების გარდა პროდუქციაზე ფაქტიურად არაფერი იციან. ელიტ ელექტრონიქსს კომპიუტერების თემასთან ერთად კიდევ მივუბრუნდები. სავაჭრო ცენტრი კიდობანი არის ერთერთი ალტერნატივა. ფასები ძალიან კონკურენტუნარიანია, საგარანტიო პირობები - ნაგავი. ძირითადად გეტყვიან, რომ თუ 3 დღეში აღმოუჩენთ დეფექტს, გამოგიცვლიან (ვითომ?), თუარადა მერე თავში ქვა გიხლიათო.

რაც შეეხება შედარებით ძვირადღირებულ ე.წ. პროფესიონალურ და ნახევრად პროფესიონალურ აპარატებს. აქ არჩევანი მცირეა. კიდობანი აქაც ფიგურირებს, იგივე პირობებით. მე ჩემს მეგობარს ვაყიდინე Nikon D3100 კიტ ლინზით საკმაოდ კარგ ფასად. აპარატი ახლაც კარგად მუშაობს და იმედია არც არაფერი გაუჭირდება, რადგან საგარანტიო პირობები ნაგავია. რა თქმა უნდა უკეთესია, თუ ასეთ ძვირადღირებულ აპარატს შეიძენთ რომელიმე მაღაზიაში, სადაც კარგად მოგემსახურებიან და გარანტიასაც მოგცემენ. ასეთი მაღაზიებია hotspot (www.hotspot.ge) და Go Electronics. თითოეულს აქვს თავისი დადებითი მხარეები. ჰოთსპოტი ახალი მაღაზიაა და კარგი პირობებით შემოვიდა ბაზარზე. აქვს საკმაოდ გამართული ინტერნეტ-მაღაზია და სწრაფი ადგილზე მიტანის სერვისი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. მაგრამ ის, რაც გამოარჩევს ჰოთსპოტს სხვა მაღაზიებისგან, არის ფულის უკან დაბრუნების პირობა - 7 დღის განმავლობაში მაღაზია მზად არის დაიბრუნოს გაყიდული პროდუქტი და თქვენი ფული უკან გადმოგცეთ!
Go Electronics ჩემს სიმპათიას იმსახურებს იმ მიზეზით, რომ არის რამდენიმე ბრენდის ოფიციალური რესელერი და არა თვითმარქვია გამყიდველი, როგორც სხვა მაღაზიები. ფოტოაპარატებში საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ. იქ იპოვით ნებისმიერი ფასის და კლასის ფოტოაპარატს. ასევე, ოტპიკას სარკული ფოტოაპარატებისთვის (მათ შორის ცაისის ლინზები ნიკონზე და ქენონზე) და ფოტოაპარატის სხვა მრავალ აქსესუარს, რაც იშვიათი ფუფუნებაა ქართული რეალობისთვის. კონსულტანტები ერკვევიან თავის საქმეში და არც აგრესიულები არიან.

და აქვე მცირე სარეკლამო ჭრა =) გადაათვალიერეთ ჩემი ფოტოები გოუ ელექტრონიქსში ნაყიდი ობიექტივით: http://www.flickr.com/photos/donshakal/ რეკლამის დასასრული

არის კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი ადგილი (aka ტოჩკა). ეძახიან თურმე ზახარას მაღაზიას და კოდაკის მაღაზიას. ეს არის საბითუმო მაღაზია, მფლობელი მას და Go Eletronics-ს ერთი ჰყავთ, მაგრამ, ეჭვი მაქვს, გოუ-სგან განსხვავებით მმანდ "5 ლარს ხომ დამიკლებ" გაჭრის და მე ასეც მოვქცეულვარ რამდენიმე შემთხვევაში :) ეს მაღაზია არის ვაგზალზე და რამდენიც არ უნდა ვწერო, ვერაფრით აგიხსნით. ვეცდები რუკაზე მოვნიშნო

View Larger Map

რამდენიმე სიტყვა მეორად ბაზარზეც უნდა ვთქვა. საყოველთაოდ ცნობილია mymarket.ge და ფორუმები (ბოკე, გრაფ.გე). ბევრი კარგი რამის შოვნა შეიძლება, ძველი ოპტიკა, რომელიც უკვე აღარ იწარმოება, ასევე ფირის აპარატები, ფირები და ა.შ. სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია, გასაგები მიზეზის გამო. ეს არის ფაქტიურად მშრალი ხიდი ინტერნეტში - აქვე, რადგან სიტყვამ მოიტანა, მშრალ ხიდზე ერთი კაცი ყიდის ბევრ კარგ რამე-რუმეებს, თუ ძველმანების მოყვარული ხართ. კარგი ვინმეა, თან აგიხსნით ყველაფერს დაუზარებლად და კარგ რჩევებსაც მოგცემთ.

პირველი ნაწილის დასასრული

Labels